ვადიანი დეპოზიტი

ვადიანი ანაბარი არის მომხმარებლის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული თანხით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კი თანხის დამატება შეუძლებელია.

მიმდინარე ანგარიში

ეს არის მომხმარებლის საბანკო ანგარიში, რომელიც იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა საბანკო ოპერაციების საწარმოებლად, როგორიცაა თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა და კონვერტაცია.

საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის - პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტში საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება, ასევე ინტერნეტით, და/ან ბანკომატის მეშვებით გაანაღდოს თანხა. საკრედიტო ლიმიტი, ანუ სესხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ინდივიდუალურია, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით განისაზღვრება.

ოვერდრაფტი

ოვერდრაფტი წარმოადგენს მოკლევადიან სესხს, რომელიც დაიშვება მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე. მას ე.წ. მეცამეტე ხელფასსაც ეძახიან. ამ პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ხელფასი ბანკში ერიცხებათ. როგორც წესი, ოვერდრაფტის მოცულობა ხელფასის (მაქს. 100%) და საკრედიტო ისტორიის შესაბამისად განისაზღვრება.

განვადება

განვადება არის სამომხმარებლო ტიპის სესხი, რომელსაც მომხმარებელი იღებს ბანკიდან მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, განვადებას აქვს კონკრეტული მიზნობრიობა, მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის შეძენა და სხვა. როგორც წესი, განვადების გაფორმება შესაძლებელია მომენტალურად, უშუალოდ მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში.

იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება - ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი. სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ ისე უცხოურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8%-იდან იწყება, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი 180 თვე ანუ 15 წელია.

ხელშეკრულება

მომხმარებლების მხრიდან სხვადასხვა საბანკო პროდუქტით თუ მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.

სამომხმარებლო სესხი

სამომხმარებლო სესხი არის კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. სამომხმარებლო სესხით თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობის თუ სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება.

ბანკომატები და ტერმინალები

ბანკომატიდან შესაძლებელია, როგორც პლასტიკური ბარათით თანხის განაღდება, ასევე დამატებით სხვადასხვა საბანკო მომსახურების მიღება მაგალითად გადარიცხვა, გზავნილების განაღდება და ა.შ. განაღდების ლიმიტი ყველა ბანკისთვის ინდივიდუალურია. ასევე, განსხვავებულია მომსახურების ტარიფები იმის მიხედვით, თუ რომელ ბანკს ეკუთვნის ბანკომატი და პლასტიკურ ბარათი. შედარებით ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, როდესაც ერთი და იგივე ბანკის ბარათით და ბანკომატით ვსარგებლობთ. საკრედიტო ბარათის შემთხვევაში ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო უფრო მაღალია, ვიდრე სადებეტო ბარათის შემთხვევაში.