საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2022 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184800 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 9607 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 500-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი - 9289 მილიონიდან 9607 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
184800 ხელშეკრულებიდან 81900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1516 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრის მდგომარეობთ 21.08% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 71900 სესხია მიბმული, საშუალოდ 13.63%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3214 მილიონი ლარია.
30000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 სექტემბერთან შედარებით 600-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 4830 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1662 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 11.74%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ოქტომბრის მონაცემებით 3168 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.60%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 20.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 23.78%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 200 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 24 მილიონი ლარია.
1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე - 23.78%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი - 21.08%-იანი განაკვეთით.
1 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 სექტემბრის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა, გარდა მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებისა, სადაც 16.12%-დან 11.74%-მდე შემცირდა საპროცენტო განაკვეთი.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე გრძელვადიანი ფაქტორების შენარჩუნების შედეგია. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ინფლაციური წნეხი გაზრდილია, რასაც შესაბამისი გამკაცრებული პოლიტიკით პასუხობენ ცენტრალური ბანკები. ეს კი, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად აუარესებს. საქართველოში წლიური ინფლაცია 11.5 %-ია თუმცა, ბოლო პერიოდში, ერთი მხრივ, მსოფლიო ბაზარზე სურსათზე და ტრანსპორტირებაზე ფასების განგრძობადმა შემცირებამ, ხოლო, მეორე მხრივ, ლარის გამყარებამ, ადგილობრივ ბაზარზე ინფლაციის შემცირება უნდა განაპირობოს. ამავდროულად, ხანგრძლივვადიანმა მაღალმა ინფლაციამ და მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების გაურკვევლობამ, შესაძლოა, უარყოფითი როლი მომავალშიც ითამაშოს ინფლაციურ პროცესებთან მიმართებაში.
რუსეთ-უკრაინის ომისა და სანქციების შედეგად მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში, რაც, ავტომატურად ასტიმულირებს ერთობლივ მოთხოვნას. მოკლევადიან პერიოდში გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ფირმები ფასებს ზრდიან, რადგან პროდუქციის/მომსახურების წარმოების ზრდის პოტენციალი მოკლევადიან პერიოდში, მოთხოვნის მყისიერი ზრდის დროს, შეუძლებელია. შესაბამისად, გაზრდილი ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ზრდის ინფლაციურ რისკებს. 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური პროგნოზი 10 პროცენტამდე გაიზარდა.
გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედებამ საკრედიტო აქტივობა შეანელა. ასევე, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში ევროსა და დოლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება, ხოლო მიმდინარე პერიოდში, წლის ბოლომდე, მაღალი ინფლაციის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.
მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი რაც, სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს.