გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს დისტანციურ საბანკო სერვისებზე გესაუბრებით.

პანდემიამ თავის კვალი ყველაფერს დაატყო. მათ შორის საბანკო მომსახურებას. თუმცა, მობილობის და გადაადგილების შეზღუდვამ დისტანციური საბანკო სერვისების განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საბანკო ოპერაციები განახორციელონ სხვადასხვა ელექტრონული არხის გამოყენებით. უკვე აღარ გვიკვირს, რომ სესხის ან ანაბრის გასახსნელად ბანკის ფილიალში მისვლა საერთოდ არ გვჭირდება და ამ ყველაფერს პირდაპირ ჩვენი ტელეფონიდან, მობილ ბანკის აპლიკაციებით ვაკეთებთ.

საქართველოში დისტანციური საბანკო მომსახურების შემდეგი სახეებია გავრცელებული:

• ინტერნეტ-ბანკი - საბანკო მომსახურების გაწევა ინტერნეტის საშუალებით. მომხმარებელს აქვს წვდომა თავის საბანკო ანგარიშზე და შეუძლია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელება ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან.

• მობილ-ბანკი - დაფუძნებულია მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიაზე. იგი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ტელეფონის საშუალებით მართოს და აკონტროლოს თავისი საბანკო ანგარიშები, ასევე განახორციელოს გადახდის ოპერაციები.

• სატელეფონო ბანკინგი - სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით საბანკო მომსახურების მიღება. მომხმარებლის ვერიფიკაციისათვის ბანკები განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. სატელეფონო ბანკინგის საშუალებით მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურებები: საინფორმაციო სერვისი, გადაამოწმოს საკუთარ ანგარიშებზე ნაშთი და განახორციელოს მცირე თანხის გადახდის ოპერაციები.

• SMS ბანკინგი - გულისხმობს SMS-ის საშუალებით მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურებების გაწევას, როგორიცაა ინფორმირება მის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ, მარტივი გადახდის ოპერაციების განხორციელება (მაგ. მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება), ბარათის დაკარგვის შემთხვევაში საგადახდო ბარათის დაბლოკვა (ან ადრე დაბლოკილ ბარათზე ბლოკის მოხსნა) და სხვა.

საგადახდო ბარათების ბაზრის განვითარებასთან ერთად, საქართველოში აქტიურად ვითარდება ელექტრონული კომერციის ბიზნესიც.

ჩვენ ასევე შეგვიძლია მივცეთ საგადახდო დავალება ბანკს და ყოველი თვის გარკვეულ რიცხვში ავტომატურად შესრულდება გადარიცხვა ან გადახდა, წინასწარ შერჩეული ანგარიშიდან სხვა ანგარიშზე. ეს შეიძლება იყოს: ანაბარზე თანხის დამატება, შვილის სწავლის გადასახადი, დაზღვევის საფასური, მობილურზე ბალანსის შევსება და ა.შ.

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად დისტანციური საბანკო მომსახურებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. ალბათ მალე მოვა ის დროც, როცა ვერ გავიხსენებთ, თუ როდის ვიყავით ბოლოს ბანკის ფილიალში.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=3aWMRuGeZsk&list=PLWpL8Yo1rPp9uBheJsP8u9BLYW1iMZUkB&index=16