გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს მიმდინარე ანგარიშზე და საკომისიოზე გესაუბრებით
მიმდინარე ანგარიში - ეს არის მომხმარებლის საბანკო ანგარიში, რომელიც იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა საბანკო ოპერაციებისთვის, როგორიცაა თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა და კონვერტაცია. მიმდინარე ანგარიშზე შეგიძლიათ განათავსოთ თანხა სხვადასხვა ვალუტაში, როგორც ლარში, ისე დოლარში, ევროში და გირვანქა სტერლინგში. ასევე გააკეთოთ კონვერტაცია მობილ და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. უმეტეს შემთხვევაში, მიმდინარე ანგარიშებს ერიცხებათ საკომისო ყოველთვიურად საშუალოდ 1 ლარის ოდენობით. მიმდინარე ანგარიშზე შესაძლებელია მიბმული იყოს ერთი ან მეტი სადებეტო ბარათი. რომლის საშუალებითაც უფრო მარტივად განკარგავთ თანხას, გადაიხდით სავაჭრო ობიექტებში და ა,შ.
პლასტიკური ბარათი, როგორც წესი ვადიანია. თუმცა მისი ვადის გასვლა არ ნიშნავს, რომ ანგარიშიც დაიხურა. ამიტომ თუ რომელიმე ბანკის ანგარიში არ გჭირდებათ, აუცილებელია, რომ დახუროთ, რათა არ დაგერიცხოთ დამატებითი საკომისიო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედ ანგარიშზე გაგრძელდება ბანკის მიერ საკომისიოს დარიცხვა და გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა დაგროვდეს და პრობლემები შეიქმნას. მაგალითად, თუ შეიცვალეთ სამსახური და აღარ სარგებლობთ იმ ბანკის მომსახურებით, სადაც მანამდე ხელფასი გერიცხებოდათ, სჯობს მიხვიდეთ ფილიალში და გააუქმოთ ძველი ანგარიში.
ბოლო წლებში შეიცვალა რეგულაცია და ბანკი უფლებამოსილია დახუროს მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშები იმ შემთხვევაში, თუ არ ფიქსირდება ბრუნვა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და ბალანსი ნულის ტოლია.
მიმდინარე ანგარიში საშუალებას გაძლევთ მარტივად აკონტროლოთ ფინანსები. თქვენ წვდომა გაქვთ მობილ და ინტერნეტ ბანკზე, ბევრად იოლდება ყოველდღიური ტრანზაქციების ანალიზი, თუ რაში გეხარჯებათ ფული, ან რა შემოსავალს იღებთ. შესაბამისად ასე უფრო ადვილია პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და დაზოგვა.
აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=CcyaOj-K2r8