31 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს” დირექტორის, ზურაბ ნაყეურის გადაწყვეტილებით, „მაესტროს” წამყვანი და პროექტების - საქმიანი დილის, ბიზნესკონტაქტისა და ანალიტიკის ავტორი გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების მიზეზად ჟურნალისტსა და ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობა დასახელდა: ისაკაძეს თავის პროექტების ე.წ. „აუთსორსზე” გატანა სურდა, რასაც ხელმძღვანელობა არ დაეთანხმა. ხელმძღვანელობამ ასევე არ დააკმაყოფილა თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის მოთხოვნა.
ისაკაძის გათავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 2 ივნისს, „მაესტრომ” უფლებამოსილება შეუჩერა იმავე პროექტებში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტს (თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს), რის მიზეზადაც დასახელდა ჟურნალისტების მონაწილეობა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ტოქ-შოუ „არჩევანში.” იმავე დღეს უფლებამოსილება შეუჩერდა „მაესტროს” 32 თანამშრომელს, რომელიც არხზე გიორგი ისაკაძის დაბრუნებას ითხოვდნენ. შედეგად, „მაესტროს” ეთერიდან მოიხსნა პროექტები საქმიანი დილა, ბიზნესკონტაქტი და ბიზნესკონტაქტი-ანალიტიკა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაცემები გამოირჩეოდა პროფესიონალიზმის მაღალი დონით და ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს სიღრიმისეულად აშუქებდა.
ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც არხის ხელმძღვანელებთან თუ მფლობელებთან უთანხმოების გამო, ან მათი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით წამყვან ტელევიზიებს ტოვებენ ჟურნალისტები და იხურება პოპულარული გადაცემები, რაც საყურადღებოა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასევე ბადებს კითხვებს თავად ტელევიზიების ხელმძღვანელებისა და მფლობელების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
ასევე, მიგვაჩნია რომ არხის ხელმძღვანელობის ხისტი გადაწყვეტილებები თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტის თუ შეჩერების შესახებ უარყოფითად აისახება არხზე მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მოტივაციაზე, რამაც შესაძლოა გააუარესოს მათი მუშაობის ხარისხიც.
კერძო კომპანიები თავისუფლები არიან თავიანთ საკადრო გადაწყვეტილებებში, თუმცა, არხზის ხელმძღვანელობას და მფლობელებს აკისრიათ ვალდებულება უზრუნველყონ არხზე მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული თავისუფლება. მსგავსი შემთხვევები მიუთითებს, რომ მედია საშუალებების მფლობელებს და ხელმძღვანელებს ეს ვალდებულება სათანადოდ არ აქვთ გააზრებული. შედეგად, მედია სივრციდან იდევნება გადაცემები, რომლებიც მაყურებელს მოვლენების კრიტიკული თვალით შეფასებას სთავაზობს, რაც უკარგავს მოქალაქეებს შესაძლებლობას გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საზოგადოება და ბანკები
საერთაშორისო სავაჭრო პალატა
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია
მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი