არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ არსებული მონაცემები მიმოიხილა.
2015 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონება 1410 იყო, საიდანაც კომერციულ ბანკებზე 387 (27.4%) მოდის. 225 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც საერთო რაოდენობის 16%-ის ტოლია, 720 შემთხვევაში კი კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ, რაც მთლიანი რაოდენობის 51.1%-ია. სხვა იურიდიულ პირებზე 78 რეალიზებული უძრავი ქონება მოდის, მთლიანი რაოდენობის 5.5%.
როგორც კვლევამ აჩვენა, დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი ფიზიკურ პირებზე, ე.წ. „მევახშეებზე“ მოდის. მონაცემებიდან იკვეთება, რომ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი აუქციონის წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაში შედარებით მცირეა (27,4% და 16%). კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
- საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება;
- რისკების მართვის გაუმჯობესება და სესხის გაცემის პარამეტრების სრულყოფა;
- ქვეყანაში აქტივების მართვის კომპანიების სრულყოფა, რომლებიც ბანკებს პრობლემური სესხების მართვაში დაეხმარებიან;
- კერძო მევახშეების სეგმენტის სააღრიცხვო სისტემის ჩამოყალიბება;
- რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება;
- ფინანსური კანონმდებლობის გამარტივება და მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგება;
- ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის (მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა) გაუმჯობესება.
2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ სულ რეალიზებულია 9378 უძრავი ქონება.
გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში