საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 7.5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5826 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2761 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8587 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის 1 სექტემბერთან შედარებით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 136-ით შემცირდა, ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 179-ით გაიზარდა. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 2015 წლის 1 სექტემბერთან შედარებით 43-ით არის გაზრდილი.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ შემცირდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა, რაც გამოიწვევს ეკონომიკის დაკრედიტების და ფასების საერთო დონის შემცირებას. ეს კი ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
იმისათვის, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ნეგატიური მოლოდინები არ გადაიზარდოს ინფლაციურ პროცესში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.