საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 1.0 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 7.0%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5962 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2582 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8544 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის 1 აგვისტოსთან შედარებით იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 336-ით არის გაზრდილი.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით მკვეთრად გაზრდილია ინფლაციის მოლოდინები აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, რაც ინფლაციის მიზნობრივი დონიდან ერთჯერადი გადახრის შედეგად ზრდის სამომავლო რისკებს.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ შემცირდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა, რაც გამოიწვევს ეკონომიკის დაკრედიტების და ფასების საერთო დონის შემცირებას. ეს კი ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
იმისათვის, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ნეგატიური მოლოდინები არ გადაიზარდოს ინფლაციურ პროცესში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დონეზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე.