საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 9883 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 500-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი - 9607 მილიონიდან 9883 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

184400 ხელშეკრულებიდან 81600 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1552 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის  მდგომარეობთ 21.09% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 72500 სესხია მიბმული, საშუალოდ 14.32%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3262  მილიონი ლარია.

29200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 800-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 5033 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.04%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 21.3 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 23.64%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 15.3 მილიონი ლარია.

1 ნომებრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.4%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე - 24.64%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი - 21.09%-იანი განაკვეთით.

1 ნოემბრის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე გრძელვადიანი ფაქტორების შენარჩუნების შედეგია. როგორც აღინიშნა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის შემცირების გამოკვეთილი ტრენდის არსებობის გარეშე არ მოხდება, ხოლო თუ მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ინფლაციური ზეწოლა კიდევ წარმოიქმნება, შესაძლოა, პოლიტიკის განაკვეთი კიდევ უფრო გამკაცრდეს. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ინფლაციური წნეხი გაზრდილია, რასაც შესაბამისი გამკაცრებული პოლიტიკით პასუხობენ ცენტრალური ბანკები. ეს კი, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად აუარესებს. გეოპოლიტიკური ვითარება გაურკვევლობას ზრდის, ამას ემატება მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივვადიანი გადახრა, რაც ინფლაციურ მოლოდინებს კიდევ უფრო აძლიერებს.

რუსეთ-უკრაინის ომისა და სანქციების შედეგად მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში, რაც, ავტომატურად ასტიმულირებს ერთობლივ მოთხოვნას. მოკლევადიან პერიოდში გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ფირმები ფასებს ზრდიან, რადგან პროდუქციის/მომსახურების წარმოების ზრდის პოტენციალი მოკლევადიან პერიოდში, მოთხოვნის მყისიერი ზრდის დროს, შეუძლებელია. შესაბამისად, გაზრდილი ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ზრდის ინფლაციურ რისკებს. 2022 წლის პირველი ათი თვის საშუალო წლიურმა ზრდამ 10.0 პროცენტი შეადგინა.

გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედებამ საკრედიტო აქტივობა შეანელა. ასევე, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში ევროსა და დოლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება, ხოლო მიმდინარე პერიოდში, წლის ბოლომდე, მაღალი ინფლაციის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი რაც, სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს.