გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ბიზნეს სესხებზე გესაუბრებით.

ბიზნესსესხი ეს არის თანხა, რომელსაც განვითარებისთვის სესხად იღებს ბიზნესი. მისი მიზნობრიობა შეიძლება  იყოს საბრუნავი საშუალებების დაფინანსება ან ძირითადი საშუალებების შეძენა, ან განახლება.

საბრუნავი საშუალებებისთვის მიზანშეწონილია მოკლევადიანი სესხის აღება. რაც უფრო მოკლევადიანია სესხი, მით უფრო მაღალია მისი ყოველთვიური შენატანი, თუმცა მოკლევადიანი სესხისთვის, საბოლოოდ, მეწარმეს ჯამურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა უწევს პროცენტის სახით, ვიდრე გრძელვადიანი სესხისთვის მოუწევდა. საბრუნავი საშუალებების სესხით დაფინანსების დროს, შესაძლებელია ამ საშუალებების შეძენისთვის დახარჯული თანხის სწრაფად დაბრუნება, რადგან გადასახდელი თანხა შედარებით მცირეა, და მისი მობილიზება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი.

საბრუნავი საშუალებები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია კონკრეტული ნედლეულის შესყიდვიდან პროდუქტის გაყიდვამდე პერიოდთან. ეს ციკლი, როგორც წესი, რამდენიმე თვეს გრძელდება – მაქსიმუმ, ერთი წელი. ამიტომ მეწარმეს აქვს საშუალება, აღნიშნული პროდუქტის შესაქმნელად დახარჯული თანხა დაიბრუნოს, საშუალოდ, ერთი წლის განმავლობაში ამ პროდუქტის გაყიდვის გზით, მაშინ, როცა გრძელვადიანი აქტივის, მაგალითად მანქანა-დანადგარის, შეძენა გათვლილია მის რამდენიმეწლიან მოხმარებაზე და მისი ღირებულების დაფარვაც ბიზნესის მიერ გამომუშავებული მოგების ხარჯზე უნდა მოხდეს.

მეწარმემ საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მოთხოვნით ბანკს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტს, სასურველია, მიმართოს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ბიზნესის მარაგების შევსება, სხვადასხვა მასალის შეძენა, მომწოდებლების მიმართ არსებული ვალდებულებების გასტუმრება, ასორტიმენტის გაფართოების მიზნით ახალი პროდუქციის წარმოების დაფინანსება. ამ მიზნობრიობით გაცემული სესხები, როგორც წესი, შედარებით მოკლევადიანია.

ხშირად, შესაძლებელია ბიზნესს ჰქონდეს საშუალება სესხის გარეშე დაიფინანსოს თავი, თუმცა გრძელვადიანი დებიტორული დავალიანების, დიდი ოდენობით მარაგების ან სხვა პრობლემის გამო ხელთ არ ჰქონდეს საკმარისი თანხა საბრუნავი საშუალების დასაფინანსებლად. თუ ბიზნესი ამ პრობლემას გადაჭრის, შესაძლებელია დამატებითი ფინანსური რესურსი აღარ დასჭირდეს.

რაც შეეხება ძირითად საშუალებებს,  მათი დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის დაბრუნება, შედარებით დიდი მოცულობიდან გამომდინარე, უმჯობესია გრძელვადიან პერიოდში განხორციელდეს და ამ მიზნისთვის მიზანშეწონილია გრძელვადიანი სესხის აღება.

რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო მეტად არის ის რისკის შემცველი ფინანსური ორგანიზაციისთვის, რამდენადაც გრძელვადიან პერსპექტივაში რთულია დაზუსტებით განისაზღვროს შეექმნება თუ არა მეწარმეს გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ მიზეზით, გრძელვადიან სესხებს ფინანსური ორგანიზაციები, როგორც წესი, უძრავი ქონების უზრუნველყოფით გასცემენ.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა სესხი კომბინირებული მიზნობრიობითაც გაიცეს.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=LnDXOzjNQTo