გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს დასაკუთრებულ უძრავ ქონებაზე და მევახშეებზე გესაუბრებით.
საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში პრობლემური სესხების საკითხი მუდმივად აქტუალური თემაა. საქართველოც ასეთი ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, ვალდებულებების ვერ გადახდის ალბათობა ჩვენს ქვეყანაში შედარებით მაღალია. კომერციული ბანკები ცდილობენ სესხების გაცემის დროს გაითვალისწინონ მსესხებლის შემოსავლები და არ გასცენ სესხები მხოლოდ უზრუნველყოფის საფუძველზე. შედეგად, სესხების ვადაგადაცილების საშუალო მაჩვენებელი კომერციულ ბანკებში მაღალი არ არის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის სასესხო ბაზარი, რომელიც კომერციული საბანკო სექტორის ფარგლებს გარეთაა და რომელთა ვადაგადაცილების მაჩვენებელი ბევრად მაღალია.
2020 წელს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ და ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდამ, მსესხებლებს გაუზარდა ყოველთვიური შენატანები. არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, გადახდისუნარიანობა მცირდება და გარკვეულ შემთხვევაში, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები ვეღარ ახერხებენ ფინანსური ვალდებულებების მომსახურებას.
2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ სულ რეალიზებულია 17 589 უძრავი ქონება.
აუქციონის წესით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მთლიან რეალიზაციაში კერძო მევახშეებს ყველაზე დიდი წილი უკავიათ. ისინი წლიურად საშუალოდ უფრო მეტ ბინას და აგარაკს ისაკუთრებენ, ვიდრე ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ერთად აღებული. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ კერძო მევახშეების მიერ გაცემული სესხები კომერციულ ბანკებთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და სესხის გაცემის ვითომ „გამარტივებული“ პირობებით გამოირჩევა, რაც შემდგომში გადაუხდელობის და უძრავი ქონების ჩამორთმევის მიზეზს წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში მევახშის ინტერესი შეიძლება იყოს უძრავი ქონების დასაკუთრება. ისინი დაბალ შეფასებას აძლევენ ქონებას და ამ შეფასების მხოლოდ ნახევარს ან მესამედს გასცემენ სესხად. მაგალითად, თუ თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება 50 ათასი ლარია, მევახშე მას 40 ათას ლარად შეაფასებს და სესხად, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 20 ათას ლარს მოგცემთ მხოლოდ. ბანკებისგან განსხვავებულია სესხის პროცენტის და ძირის დაფარვის წესიც. მევახშესთან ყოველთვიურად იხდით მხოლოდ პროცენტს. პირობითად, 20 ათას ლარიან სესხზე, თვეში საშუალოდ თუ გადაიხდით 2-3%-ს, ანუ 400-600 ლარს. ძირი თანხა, ბოლოს მაინც ერთიანად იქნება დასაფარი, რაც საშუალო ან დაბალ შემოსავლიანი მომხმარებლისთვის პრობლემაა. ბანკში სესხის პროცენტს და ძირ თანხას ეტაპობრივად, ყოველთვიური გრაფიკის მიხედვით ფარავთ და ვადის ბოლოს მთლიანად იფარება, როგორც პროცენტი, ასევე ძირი თანხაც. შესაბამისად, ბევრად უფრო ნაკლებად რისკიანია სესხისთვის მიმართოთ ბანკებს და მოერიდოთ ფულის სესხებას კერძო გამსესხებლისგან.
აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=zwCQ5nNVqvE