საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 19167 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5% დატოვა. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 720,1 მლნ ლარის სესხია გაცემული.
ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 587-ით, თუმცა შემცირებულია მთლიანი პორტფელი - 724,5 მილიონი ლარიდან 720,1 მილიონამდე.
19167 ხელშეკრულებიდან 9506 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 92,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრისთვის 15.0% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 4565 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.1%-ში. მთლიანი პორტფელი კი 190,7 მილიონი ლარია.
1730 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 405,82 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 68,6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,5%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 337,2 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,4%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 24 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 673,99 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14,94%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 3342 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 30,6 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 11,75%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი შემცირებულია 264 მილიონი ლარით. მიუხედავად იმისა რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 14.6%-დან 12.5%-მდე დაიწია, რეფინანსირებაზე მიბმული სასესხო პორტფელი მაინც შემცირდა. ეს ერთი მხრივ დაბალი ეკონომიკური ზრდით და მეორე მხრივ შემცირებული ერთობლივი მოთხოვნითაა განპირობებული.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი ეროვნულ ვალუტაში, რაც დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული მომხმარებლების და ბიზნესის შემცირებული მსყიდველუნარიანობა უარყოფითად აისახება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე და ეკონომიკურ ზრდაზე.