საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 16974 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7,5%-მდე დაწია. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 893 მლნ ლარის სესხია გაცემული.
ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 101-ით, ასევე გაზრდილია მთლიანი პორტფელი - 879,2 მილიონი ლარიდან 893,0 მილიონამდე.
16974 ხელშეკრულებიდან 7056 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 70,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილისთვის 17,00% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 5065 სესხია მიბმული, საშუალოდ 13,1%-ში. მთლიანი პორტფელი კი 228.6 მილიონი ლარია.
2120 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 571.27 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 118.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.2%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 452.6 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.8%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 25 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 809.33 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.94%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2707 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 22,0 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 16,02%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში ზომიერად შემცირდება და დროებით მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო წლის ბოლოს მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად უნდა შემცირდეს 5-6 პროცენტის ფარგლებში.
გასული წლის 1 კვარტლიდან ბანკებმა იპოთეკურ და ბიზნეს სესხებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სხვა ტიპის სესხების გაცემაც, რაც ლარის რესურსზე მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. მოქალაქეები ამჯობინებდნენ აეღოთ სესხი ეროვნულ ვალუტაში, თუნდაც იგი ყოფილიყო არა ფიქსირებული, არამედ ცვლადი. თუმცა წლის ბოლოსკენ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ მასზე მიბმულ სესხებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.
ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაც, რაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდით მიიღწევა.