საფინანსო სისტემის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ონლაინ სესხები უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას. ონლაინ სესხების ორგანიზაციების მიერ გაცემული კრედიტების წილი მთლიან გაცემულ სესხებთან შედარებით დაბალია. ასევე აღნიშნული ორგანიზაციები არ იღებენ დეპოზიტებს, შედეგად ფინანსურ სტაბილურობას არ ექმნება საფრთხე.
ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის უარყოფითი შედეგების ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა და ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იზრდება უარყოფითი საკრედიტო ისტორიის მქონე დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა. ეს მომავალში უარყოფითად აისახება, როგორც მათი შრომით ბაზარზე მონაწილეობაზე, ასევე შესაძლო ბიზნესსაქმიანობაზე, ვინაიდან შეუზღუდავს ფინანსურ რესურსებზე წვდომას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ კრედიტების გამცემი ორგანიზაციები დაკავშირებული არიან კრედიტ ინფოს ბაზასთან, შესაბამისად დავალიანების შესახებ ინფორმაციას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც (ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) ხედავენ. ამან კი, მომხმარებელს შეიძლება პრობლემა შეუქმნას სესხის აღების დროს.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, გრძელვადიან პერიოდში ფინანსური განათლების დონის ამაღლება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის ზრდას და შეამცირებს მომხმარებლების მიერ რესურსების არაეფექტურად გამოყენებით მიღებულ დანახარჯებს. თუმცა, როდესაც ქვეყანაში ფინანსური განათლების დონე დაბალია და მოკლევადიან პერიოდში მისი ამაღლება რთულია, საჭიროა გარკვეული რეგულაციების შემოღება. რეგულაციებმა არ უნდა შეაჩეროს ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების ბიზნესსაქმიანობა, მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებები. ამ ბიზნეს-საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის და მომხმარებლის ინტერესის უფრო მეტად გათვალისწინებისთვის „საზოგადოება და ბანკებმა“ რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა:
- კომპანიებმა მსესხებლის გადახდისუნარიანობა და საკრედიტო ისტორია აუცილებლად უნდა გადაამოწმონ
- ერთ პიროვნებაზე გაცემული პარალელური სესხები უნდა შეიზღუდოს შემოსავლის გათვალისწინებით
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აუცილებლად უნდა იყოს დასახელებული სესხის შეთავაზებისას
- სესხის რამდენჯერმე გადავადება უნდა შეიზღუდოს
- ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებელები უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი
- დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა (22 წლამდე)
- გაუმჯობესდეს სესხის რესტრუქტურიზაციის პირობები
გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.