საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 6.0%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
2015 წლის 31 ივლისის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5545 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2663 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8208 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის მაისთან შედარებით იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 545-ით არის გაზრდილი.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები. არსებული პროგნოზის შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია. თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეკონომიკის დაკრედიტება და ფასების საერთო დონე. საბოლოოდ მოხდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება, რაც ლარის გაცვლით კურსს დაასტაბილურებს. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.