საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს, ბატონ იანოშ ჰერმანს.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ჰერმან,

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულები ვართ 27 ივნისს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, რომელიც „ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას გულისხმობს.

გვჯერა, რომ თუკი კანონპროექტი ამ სახით დამტკიცდება, ის შეასუსტებს და გააუარესებს საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობასა და ხარიხს საქართველოში. სწორედ ამ სერიოზულ საფრთხეზე საუბრობენ ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისათვის მიწერილ ერთობლივ წერილში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (IBRD), აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და მსოფლიო ბანკმა ერთობლივ წერილში მკაფიოდ აღნიშნეს, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა არ არის გონივრული”.

ჩვენ, ასევე გვაშფოთებს კანონპროექტზე მუშაობის პროცესი. ვშიშობთ, რომ ის არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგში მკაფიოდ წერია, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება ეროვნულ ბანკს შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

კანონპროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ, სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ექსპერტები. მოგმართავთ თხოვნით, რომ ოფიციალურად დაადასტუროთ ეს ფაქტი და მოგვაწოდოთ ევროკავშირის ექსპერტების სია, ვინც მონაწილეობდა კონსულტაციებში და ასევე, მსგავსი სამუშაო შეხვედრების კონკრეტული თარიღები. 

მოგმართავთ თხოვნით, რომ მკაფიოდ განგვიმარტოთ საქართველოსთვის რა შესაძლო შედეგი შეიძლება დადგეს, თუკი დაირღვევა ასოცირების ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება.           

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა მხარე შეთანხმებულად და  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგში გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად იმუშავებს, იმისათვის, რომ ევროპის კავშირის საუკეთესო გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებით, გავაძლიეროთ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ყველა შესაძლო გავლენისგან.

საუკეთესო სურვილებით,

 

ასოციაცია “მწვანე ტალღა”

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)


კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მომავლის ინიციატივა

საზოგადოება და ბანკები

საინფორმაციო პორტალი - "ევროპა საქართველოსთვის"

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)

სტუდია “მონიტორი”

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ხმა საქართველოდან

Georgianreview.ge

გიგა ბედინეიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლების დეკანი