საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 5.5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5252 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2411 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 7663 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის აპრილთან შედარებით იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 169-ით არის გაზრდილი.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები. არსებული პროგნოზის შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტამდე.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეკონომიკის დაკრედიტება და ფასების საერთო დონე. საბოლოოდ მოხდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება, რაც ლარის გაცვლით კურსს დაასტაბილურებს. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ.