საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 187,632 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 187,632 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვალა.
187,632 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (82%). 16% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 2%-ია გაფორმებული.
ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 15.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 4.4 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 2.7 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.1 მლრდ ლარი), ხოლო, დიდ ბიზნესზე 3.1 მლრდ. ლარის სესხი.
ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 55,713 ლარს, სამომხმარებლო სესხის 36,336 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 169,363 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 986,355 ლარს შეადგენს.
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდებოდა და 2024 წლის ოქტომბრის თვეში 0.3% შეადგინა. თუმცა, შემდეგ თვეებში გაიზარდა და დეკემბერში 1.9% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისის თვიდან. ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ და არსებული გაუფასურების მოლოდინი წნეხს ჰქმნის ინფლაციის ზრდაზე მომდევნო თვეებში. თუმცა, მეორეს მხრივ მოსალოდნელია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, მივიღოთ გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 40%-ით შემცირდა 966 მლნ. აშშ დოლარამდე, 2024 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით და მოსალოდნელია შემცირება გაგრძელდეს მომდევნო პერიოდებში. ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები) რაც აისახა ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და შექმნა გაუფასურების მოლოდინი. მეორე მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე მოსალოდნელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რაც შეასუსტებს მსყიდველუნარიანობას და ერთობლივ მოთხოვნას.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების არსებული პოლიტიკა გაგრძელდება მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ლარის მკვეთრი გაუფასურება, ინფლაციური რისკების ზრდა რაც გადაითარგმნება გაზრდილ უმუშევრობაში და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. 2025 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.875 შეადგენს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში. ეროვნული ბანკის მიერ მართული ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეზღუდულია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება მხოლოდ მცირე ხნით გადაავადა. ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების აქტიურმა გამოყენებას ჰქონდა მოკლევადიანი ეფექტი და შეარბილა გაუფასურება, მაგრამ რეზერვები მნიშვნელოვნად გაიხარჯა და კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რაც ქვეყნის მდგრადობაზე, და რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, ასევე ინვესტორების მხრიდან შემცირებულ ნდობაში გადაითარგმნება. ეროვნული ბანკის მკვეთრი ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად მუდმივად ვერ გაგრძელდება.
ეროვნული ბანკი დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იმისათვის, რომ იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა. არსებულ ვითარებაში, შესაძლოა საჭირო იყო „ხელისუფლებისათვის არაპოპულარული“ და „დამოუკიდებელი“ გადაწყვეტილების მიღება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან ერთად ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ხარჯვის შემცირება.
[1] შინამეურნეობები და იურიდიული პირები, ეროვნული ვალუტა